რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლაფ შოლცმა გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდი ევროთი გაზრდა დააანონსა

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდი ევროთი გაზრდა დააანონსა. გადაწყვეტილების შესახებ შოლცმა ბუნდესთაგში გამოსვლისას ისაუბრა. ცვლილებები ბიუჯეტში 2022 წელსვე შევა.

გარდა ამისა, კანცლერის თქმით, NATO-ს შეთანხმების შესაბამისად, გერმანია წლიდან-წლამდე თავდაცვაზე ქვეყნის მშპ-ს 2%-ზე მეტს დახარჯავს. მისი თქმით, გერმანის ბუნდესვერის (ჯარის) თანამედროვე და ძლიერი შეირაღებით აღჭურვა სურს.

რუსეთის თხევად გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, შოლცის განცხადებით, გერმანია ორ ტერმინალს დაჩქარებულად ააშენებს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მსოფლიო ბაზრებიდან ბუნებრივ აირს შეიძენს.

"პუტინის აგრესიის წინააღმდეგ სხვა პასუხის გაცემა შეუძლებელია". - თქვა შოლცმა ბუნდესთაგში გამოსვლისას.

ამასთან, ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინას იარაღს მიაწოდებს. აქამდე, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტზე უარს აცხადებდა.

"ჩვენ ასეთ რთულ საათებში მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინაზე თავდასხმით პუტინს მხოლოდ ამ ქვეყნის მსოფლიო რუკიდან წაშლა არ სურს, ის ანადგურებს ევროპის თავდაცვის სისტემას". - თქვა შოლცმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები