რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვაია-კახოვკა აიღეს

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

უკრაინაში, ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსული სამხედროების კონტროლქვეშაა. ინფორმაციას ქალაქის მერზე, ვლადიმირ კოვალენკოზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

"ხერსონის ოლქში ნოვაია-კახოვკას მთლიანად რუსული ჯარები აკონტროლებენ, შენობებიდან ყველა უკრაინული დროშა ჩამოხსნეს" - თქვა კოვალენკომ.

ხერსონის ოლქი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები