რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევიდან 20 კილომეტრში ნავთობის საცავი აფეთქდა

კიევის ცენტრიდან 20 კილომეტრში ნავთობის საცავი აფეთქდა. ინფორმაცია ვასილკოვის მერმა, ნატალია ბალასინოვიჩმა დაადასტურა. მისივე თქმით, საჭიროა მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, რადგან გარემო ეკოლოგიურად უსაფრთხო აღარ არის.

აფეთქების შემდეგ ცა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო განათებული.

უკრაინული გამოცემა Unian წერს, რომ ნავთობბაზის აფეთქების მასშტაბების აღსაქმელად გასახსენებელია БРСМ Нафта-ს ხანძარი კიევთან, რომელსაც 8-დან 15 ივნისამდე შუალედში აქრობდნენ. 

9 ივნისს კიევის ჰაერში საშიში ნივთიერებების რაოდენობამ დასაშვებს 6.7-ჯერ გადააჭარბა. მაშინ ხანძარს გაძლიერებულად აქრობდნენ. ვინ ჩააქრობს ახლა ხანძარს, გაუგებარია. 

"საჭიროა სასწრაფო ევაკუაცია". – წერს მედია. 

აფეთქების ვიდეო Twitter-ზე გაავრცელა Fox News-ის ჟურნალისტმაც. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები