NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი NATO-ს შტაბ-ბინის მუდმივი კომიტეტის დელეგაციებს მოუწოდებს, აიძულონ მათი მთავრობები, დააჩქარონ და გააფართოვონ უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.
"ჩვენ მოვუწოდებთ მუდმივი კომიტეტის წევრ ყველა დელეგაციას, გააკეთონ ყველაფერი, რათა უბიძგონ მათ პარლამენტებსა და მთავრობებს:
- გააფართოვონ ჩვენი უკრაინელი მოკავშირეებისთვის სასწრაფო სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება;
- SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გამოთიშვასთან ერთად, დამატებით გაატარონ მასობრივი, დამანგრეველი, გრძელვადიანი სანქციები.
უკრაინელმა ხალხმა უკვე აჩვენა მტკიცე წინააღმდეგობის მზაობა. ახლა მათ საშუალებები სჭირდებათ", - ვკითხულობთ კონოლის მიმართვაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.





