რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის მომზადება დაწყებულია

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის მზადება დაწყებულია.

"ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა გადაწყვეტილებისთვის ტექნიკური მომზადება და ამ სანქციის გატარებისთვის მზადება დაწყებულია.

კბილებით გამოვგლიჯეთ. მუშაობდა უკრაინის დიპლომატიის მთელი ვერტიკალი, პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე.

ამ გამარჯვებას უკრაინელი დიპლომატები უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან" - წერს კულება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

კომენტარები