რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ევროპის ბედი წყდება უკრაინაში, თუ პუტინი საკადრის პასუხს არ მიიღებს, შორს წავა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რათა აგრესორი რუსეთი შეაჩერონ. 

"ევროპის ბედი წყდება უკრაინაში: თუ პუტინი ახლა საკადრის პასუხს არ მიიღებს, ის შორს წავა. 

დაუყონებლივ დააწესეთ ძლიერი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, ჩამოართვით მას აგრესიის გაგრძელების საშუალება: გათიშეთ SWIFT-დან, დააწესეთ ემბარგო ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე, დაეხმარეთ უკრაინის არმიას იარაღით და საბრძოლო მასალებით, დაგვეხმარეთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში.

ჩვენი ხალხი კვდება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. გაღებულ კართან დიდხანს ველოდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ - პასუხი ვერ მივიღეთ.

ახლა ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული ქმედებები".- წერს ზელენსკი FACEBOOK-ზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

 

კომენტარები