რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

НОВАЯ ГАЗЕТА-ს რედაქტორი: არასდროს ვცნობთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად

რუსული ანტისამთავრობო გამოცემის, Новая Газета-ს მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის მფლობელი მშვიდობის დარგში, დიმიტრი მურადოვი ამბობს, რომ ჟურნალი ამიერიდან ორ ენაზე გამოვა, რადგან ისინი არ ცნობენ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად.

"დღეს დილით ადრე, ყველანი რედაქციაში შევიკრიბეთ. ჩვენ ვგლოვობთ, ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკრაინასთან ომი დაიწყო და არავინ არის, ვინც ამ ომს შეაჩერებს. ამიტომ გლოვასთან ერთად, ჩვენ გვრცხვენია, მთავარსარდალი ხელში ძვირიანი მანქანის გასაღებივით ატრიალებს ატომური იარაღის ღილაკს. რა არის შემდეგი ნაბიჯი? ატომური დაბომბვა? სხვანაირად როგორ გავიგოთ პუტინის სიტყვები შურისძიების იარაღის შესახებ? ნოვაია გაზეტას ამ ნომერს ჩვენ ორ ენაზე გამოვცემთ, იმიტომ რომ არასდროს ვცნობთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად. და ბოლოს, ვფიქრობ მხოლოდ რუსი ხალხის ანტისაომარ მოძრაობას შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე", - თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები