რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ვინც იარაღის გამოყენება იცის, შეუძლია შეუერთდეს არმიას

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, მოქალაქეები, ვინც მზად არიან და იციან იარაღის გამოყენება, ახლავე შეუძლიათ ქვეყნის არმიას თავის რეგიონში შეუერთდნენ.

"ძვირფასო თანამემამულენო! მტერი გვიტევს, მაგრამ ჩვენი ჯარი ურყევია. უკრაინა სრულ თავდაცვის რეჟიმში გადადის. ნებისმიერს, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის გამოყენება, ახლავე შეუძლია შეუერთდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს თავის რეგიონში. იარაღის მოსაპოვებლად, უშუალოდ დაუკავშირდით თქვენს რეგიონში ჯარის ძალების ბრიგადებსა და ბატალიონებს. თან უნდა გქონდეთ მხოლოდ თქვენი პასპორტი". – წერს ალექსეი რეზნიკოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები