კიევის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის ფონზე, 24 თებერვლიდან ქალაქში აღარ იმუშავებენ სკოლები და ბაღები, ხოლო საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და დედაქალაქის მთელი სამედიცინო სისტემა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობაზე გადადის.
ოპერატიული შტაბი მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლში დარჩნენ იმ შემთხვევაში, თუ არ არიან დასაქმებულები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში და არ არინ პასუხისმგებლები ქალაქის სიცოცხლისუნარიანობაზე. ამასთან, შტაბი კიევში მცხოვრებლებს მოუწოდებს, მზად იყვნენ, რათა სირენის ჩართვის შემთხვევაში თავი შეაფარონ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.





