რუსეთი-საქართველო-უკრაინა

რუსეთთან წინდახედულობა და სიფრთხილე საფრთხეებზე ხმამაღლა საუბარია – ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს უკრაინის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი

ევროპული საქართველო რუსეთ-უკრაინის კრიზისისა და საქართველოს გამოწვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტია აღნიშნავს, რომ რუსეთთან წინდახედულობა და სიფრთხილე სწორედ რუსულ საფრთხეზე ხმამაღლა საუბარია, ხოლო საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წინ წამოწევით რუსეთისგან მომავალი საფრთხე მეტად შემცირდება. განცხადებას სრულად გთავაზობთ:

პუტინის რუსეთის არაერთხელ გაცხადებული მიზანი ცივი ომის დროინდელი გავლენის აღდგენაა. მისი ქმედებები ამ ამოცანას ემსახურება და ადასტურებს.

ამ მიზნის შესასრულებლად, რუსეთმა არ უნდა დაუშვას საკუთარ საზღვრებთან წარმატებული სახელმწიფოს არსებობა.

სწორედ ამ კონტექსტშია იდენტური საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები.

პუტინის პროპაგანდა ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოს, უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული რუსეთის აგრესია. პუტინის გზავნილსაა აყოლილი საქართველოს ხელისუფლებაც და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა სხვების გაუფრთხილებლობის ბრალია.

სინამდვილეში, რუსეთის მრავალწლიანი პოლიტიკის გარდა, უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები და დღეს შექმნილი ვითარება ნათლად ადასტურებს, რომ კრემლთან გონივრული, პრაგმატული კომპრომისი არ არსებობს – ის გამოიყენებს იძულების ინსტრუმენტებს მანამ, სანამ უკრაინა, საქართველო და სხვა ნებისმიერი სამიზნე ქვეყანა უარს არ იტყვიან სახელმწიფოებრიობაზე და არ დათმობენ სუვერენიტეტს რუსეთის გავლენის სფეროს გაფართოების კვალდაკვალ.

არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს "დაულაგდა" და ამის შედეგად მშვიდობა, თავისუფლება და განვითარება მოიპოვა. პირიქით, წარმატებას მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიაღწიეს, რომლებმაც რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიცია დაიკავეს და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

მცდარია მოსაზრება, თითქოს რომელიმე ეტაპზე NATO-ს გაფართოებამ გამოიწვია რუსეთის აგრესია - რუსეთი აგრესორია და სწორედ ამიტომ არის საჭირო NATO-ს გაფართოებაც. ამის მაგალითია იანუკოვიჩის მთავრობა, რომელმაც უარი თქვა NATO-ში გაწევრიანების ამოცანაზე, საკვანძო სამხედრო ბაზა დაუთმო რუსეთს, დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნები ენერგეტიკის სფეროშიც და რუსულ ენას სტატუსი მიანიჭა, მაგრამ პუტინის რუსეთმა მას ევროპასთან ეკონომიკური თანამშრომლობა და უვიზო მიმოსვლაც კი არ დაუთმო და ქვეყნის ღალატი ჩაადენინა.

კრემლის პროპაგანდა კვლავ სამარცხვინო ტყუილებითა და დეზინფორმაციით ცდილობს გატეხოს ქართული საზოგადოება ფსიქოლოგიურ ომში და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

ჩვენი ამოცანაა, გავაგებინოთ ყველა მოქალაქეს, რომ რუსეთთან წინდახედულობა და სიფრთხილე სწორედ რუსულ საფრთხეზე ხმამაღლა საუბარია – რაც უფრო მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი ჩვენი საფრთხეა და ვიზრუნებთ, რომ საქართველოს საკითხი, უკრაინის მსგავსად, აქტიურად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში, მით მეტად შევამცირებთ მომავალი აგრესიის საფრთხეს და როდესაც რუსეთი გარდაუვლად დასუსტდება, კვლავ ხელიდან არ გავუშვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობიდან გაღწევის ისტორიულ შანსს.

ასეთი შანსი ჩვენ ერთხელ უკვე გავუშვით 90-იან წლებში, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები გავიდნენ სამშვიდობოს, ჩვენ კი არ აღმოვჩნდით ამისთვის მზად – ეს აღარ უნდა განმეორდეს.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები