რუსეთი-საქართველო-უკრაინა

ნოდია: დასავლეთში გაზიარებულია, რომ ჩვენი დასავლური კურსისგან ცარიელი დეკლარაცია დარჩა

ვუყურე Atlantic Council-ის ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციას უკრაინის კონფლიქტზე. დენ ფრიდს, ძალიან ჭკვიან, გათვითცნობიერებულ და საქართველოს მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილ ადამიანს, თხოვეს, შეედარებინა რუსეთის პოლიტიკა და მისი შედეგები საქართველოს და უკრაინის მიმართ. ფრიდის აზრით, ეს ორი შემთხვევა ძალიან მსგავსია, მაგრამ არის ორი განსხვავება: ერთი, რომ საქართველოს შემთხვევაში დასავლეთის პასუხი გაცილებით უფრო სუსტი და არათანმიმდევრული იყო; მაგრამ მთავარი განსხვავებაა, რომ უკრაინამ შეინარჩუნა დასავლური ორიენტაციის ერთგულება, მაშინ როდესაც დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან ამას ვეღარ ვიტყვით.

არაფერი ჩვენთვის ახალი და ორიგინალური ამ კაცს არ უთქვამს, მაგრამ კარგად გამოჩნდა, რომ ეს დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ დასავლეთში უკვე საყოველთაოდაა გაზიარებული: ჩვენი დასავლური კურსისგან ცარიელი დეკლარაცია დარჩა. საქართველოს სურვილისა, დარჩეს დასავლეთის პარტნიორად, უკვე აღარ სჯერათ (თუმცა ჯერ კიდევ სჯერათ, რომ საზოგადოებას ეს სურვილი აქვს).

ჩემს ვოლზე წერდნენ, რომ ჩვენს თავდაცვის მინისტრს სადღაც კარგი (ანუ პრო-ნატოური) განცხადება გაუკეთებია და ხელისუფლების კრიტიკოსებს ეს რატომ არ უხარიათ და მას ამისთვის რატომ არ აქებენ. კი, თავისთავად კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხანდახან მაინც საჭიროდ თვლიან იმის გახსენებას, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის მიზნად რჩება. მაგრამ მეორეხარისხოვანი ფიგურის მიერ ცალკე აღებულ განცხადებას დიდი ღირებულება არა აქვს, როდესაც ხელისუფლების მთელი პოლიტიკა მისი საპირისპიროა.

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია ამერიკელი დიპლომატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დენიელ ფრიდის სიტყვებს.

კომენტარები