დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კულება რუსეთში დივერსანტების შესვლის ბრალდებაზე: დაუყოვნებლივ შეაჩერეთ სიცრუის ფაბრიკა

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიების გავრცელებულ ცნობას, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა 2 უკრაინული ჯავშნატრანსპორტიორი, რომლებსაც დივერსანტები უნდა გამოეყვანათ. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მტკიცებით, მათ გაანადგურეს ორივე ჯავშანტრანსპორტიორი და დივერსანტების ჯგუფი. 

"კატეგორიოლუად უარვყოფ რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაცია. უკრაინას:

  • არ შეუტევია დონეცკსა და ლუგანსკზე;
  • არ გაუგზავნია დივერსანტები და ჯავშანტრანსპორტიორი საზღვრის გადაღმა;
  • არ გაუსროლია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ან საზღვართან გამშვები პუნქტის მიმართულებით;
  • არ ჩაუდენია დივერსია.

არ ვაპირებთ ასეთ ქმედებებს. 

მოვითხოვ რუსეთის ფედერაციისგან, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სიცრუის ფაბრიკა", – დაწერა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა გასულ დღეებში უკრაინას, დონბასელი სეპარატისტების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, ჭურვის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნასაც აბრალებდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ამერიკული მხარე საუბრობდა და გაფრთხილებებს აკეთებდა რუსეთის მხარის მიერ ცრუ დროშის ქვეშ სპეცოპერაციების ჩატარებაზე, შედეგად უკრაინის შეჭრისთვის საბაბის შექმნაზე.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები