დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთის თქმით, საკუთარ ტერიტორიაზე 2 უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს

2015 წლის 20 თებერვალი, უკრაინელი სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორთან, დონეცკის რეგიონი
AFP/ანატოლი სტეფანოვი

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები სამხრეთ სამხედრო ოლქზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გაანადგურეს უკრაინელების ორი ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორი. 

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მტკიცებით, მოვლენას წინ უძღოდა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შესვლა, ჯავშანტრანსპორტიორები კი მათ გამოსაყვანად მივიდნენ. რუსული ინფორმაციით, დივერსანტულ ჯგუფში იყო 5 სამხედრო და ყველა მათქგანი განადგურებულია.

უკრაინულ მედიაში ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ

რუსული სამთავრობო მედიების გავრცელებულ ინფორმაციას კიევში ცრუ სიახლე უწოდეს და აღნიშნეს, რომ უკრაინელი სამხედროები როსტოვის რეგიონში არ ყოფილან.

რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა გასულ დღეებში უკრაინას, დონბასელი სეპარატისტების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, ჭურვის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნასაც აბრალებდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ამერიკული მხარე საუბრობდა და გაფრთხილებებს აკეთებდა რუსეთის მხარის მიერ ცრუ დროშის ქვეშ სპეცოპერაციების ჩატარებაზე, შედეგად უკრაინის შეჭრისთვის საბაბის შექმნაზე.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.


აშშ-ს გაფრთხილებებით, რუსეთს, შესაძლოა, ფაქტების ფაბრიკაციით ომის საბაბის გამონახვა სურდეს. 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რუსეთის მხრიდან განიხილება, ყალბი თავდასხმის დადგმა და გადაღებაა – აფეთქებები გრაფიკული სურათებით,  ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვან მსხვერპლი, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა და  თურქული დრონები.

16 თებერვალს თეთრი სახლსის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ კომენტარი გააკეთა რუსული მხარის დეზინფორმაციის საფრთხეზე. ჟურნალისტმა ფსაკის შეკითხვა დაუსვა რუსული მხარის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც 2021 წელს დონბასში აღმოაჩინეს უკრაინელი სამხედროების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების საერთო საფლავები. 

"როგორც პრეზიდენტისგან გუშინ, დღეს კი სახელმწიფო მდივანი ბლინკენისგან გაიგეთ, ჩვენ ვართ შუალედში, სადაც გვჯერა, რომ თავდასხმა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს, რასაც წინ გაუსწრებს საბაბის ფაბრიკაცია, რომელსაც რუსები შეჭრის გასამართლებლად გამოიყენებენ. 

ჩვენ გვინახავს წარსულში ასეთი პრაქტიკების გამოყენება. ასე რომ ეს შეიძლება შეიცავდეს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდეს, ანგარიშს [საერთო საფლავების შესახებ], რომელიც ახლა ახსენეთ, დონბასში პროვოკაციის ბრალდებებს, სამთავრობო მედიების ცრუ ცნობებსა და პოტენციურ ცრუ ვიდეოებს, ცრუ ბალდებებს ქიმიურ იარაღზე, ან რუს ჯარისკაცებზე თავდასხმებზე, რომლებიც არ მომხდარა", – თქვა ჯენ ფსაკიმ. 

ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთი ამჟამად იყენებს იგივე სახელმძღვანელოს, რომელიც მან 2008 წელს საქარათველოში შეჭრის, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შეჭრის წინ გამოიყენა.

"დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ NATO და აშშ დაადანაშაულა "პროვოკაციების ჩადენის" დაგეგმვაში, დონბასის რეგიონში უკრაინისთვის "გაურკვეველი ნივთიერების ავზების" მიწოდებით. ეს პირდაპირ რუსეთის კარგად აღწერილი სახელმძღვანელოდანაა, მასში შედი უკრაინასა და საქართველოში წინა შეჭრებისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში დეზინფორმაციული სპეცოპერაციები, სირიის ჩათვლით, სადაც რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დასაცავად", – თქვა ნედ პრაისმა.

საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ, ჯენ ფსაკიმ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გააფრთხილა, როდესაც ისაუბრა ფაქტების შესაძლო ფაბრიკაციაზე.

"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში", – ამბობდა ფსაკი.

კომენტარები