აშშ-პოლონეთი

აშშ პოლონეთს M1 Abrams-ის ტიპის 250 ტანკს მიჰყიდის

M1 Abrams

უკრაინის საზღვრებთან რუსული საფრთხის არსებობისა და რეგიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე, 18 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა ამერიკის მიერ პოლონეთისთვის 250 ერთეული M1 Abrams-ის ტიპის ტანკის მიყიდვის გეგმის შესახებ.

პოლონეთმა 250 ცალი M1A2 Abrams SEPv3-ის შეძენის სურვილი ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გამოთქვა.

"რაც ბატონ პუტინს არ სურდა, იყო უფრო ძლიერი NATO მის ფლანგზე და ეს სწორედ ისაა, რაც მან დღეს მიიღო", – თქვა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში ვიზიტის დროს. 

"ეს ასევე გააძლიერებს ჩვენს თავსებადობას პოლონეთის შეიარაღებულ ძალებთან, გაზრდის ჩვენი და ჩვენი NATO-ს მოკავშირეების ერთობლივი შეკავების ძალისხმევის სანდოობას", – დაამატა ოსტინმა. 

ოსტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პოლონეთს, შესაძლოა, უამრავი უკრაინელი ლტოლვილის მიღება მოუწიოს.

უკრაინის საზღვრებთან რუსული საფრთხის ზრდისა და მოსკოვი-NATO-ს ურთიერთობის გაუარესების ფონზე, აშშ პოლონეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას თითქმის ასრულებს, 4 700 სამხედროს გადასხმით. ვაშინგტონმა პოლონეთში, ლასკის ავიაბაზაზე გაგზავნა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა

კომენტარები