პოლონეთის მთავრობამ უარყო, რომ აშშ-ს მიერ ევროპაში ათასობით ჯარისკაცის განლაგების გაუქმების შესახებ ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება პოლონეთს უკავშირდება.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ევროპის სხვა ქვეყნებს ეხება, კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას გერმანიაში ჯარების რაოდენობის შემცირების შესახებ.
ცნობებს, რომლებიც პოლონეთმა უარყო, ავრცელებდნენ წამყვანი ამერიკული გამოცემები, როგორიცაა The Wall Street Journal, The Millitary Times და Stars and Stripes.
მედია ჯარების განლაგების გაუქმების შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა. პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯავან რასნეიკმა, განაცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს "ამ დროისთვის ამის შესახებ არაფერი აქვს გამოცხადებული."
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც Military Times-ის სტატიის ბმული იყო მოცემული, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა, დაწერა, რომ "ეს საკითხი პოლონეთს არ ეხება".
ცალკე პოსტში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა დაწერა, რომ სიტუაცია "გერმანიას ეხება და არა პოლონეთს."
პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, კოსინიაკ-კამიშმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ "პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა არ მცირდება" და სინამდვილეში "ჩვენ ვმუშაობთ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების როგორც ოდენობის, ასევე ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდაზე."
ცნობისთვის, აშშ-ს ომის დეპარტამენტმა 1 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გერმანიიდან დაახლოებით 5 000 სამხედროს გაიყვანს.
პოლონეთმა, სადაც დაახლოებით 10 000 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული, გამოთქვა მზადყოფნა, ჩაიბაროს გერმანიიდან გაყვანილი ნებისმიერი სამხედრო ძალა.
მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა სამხედროები გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს.
8 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი "შესაძლებელია", და მიზეზად პოლონეთის ხელმძღვანელობასთან ძლიერი ურთიერთობები დაასახელა.




