დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თრასი: პუტინი უნდა შევაჩეროთ, რადგან უკრაინაზე არ გაჩერდება, ბალტიისპირეთი საფრთხის ქვეშაა

ლიზ თრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა ბრიტანულ მედიასთამ The Mail-თან ინტერვიუში თქვა, რომ აუცილებელია პუტინის შეჩერება, რადგან ის უკრაინას არ დაკმაყოფილდება და საფრხე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც შეექმნებათ. 

"ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი, რადგან ის უკრაინაზე არ გაჩერდება. ის ცხადად აჩვენებს – მისი ამბიციები მხოლოდ უკრაინაზე კონტროლის მოპოვებამდე არ მიდის, მას სურს დრო 1990-იანების შუაში ან უფრო ადრე დააბრუნოს. ბალტიის ქვეყნები საფრთხის ქვეშაა... დასავლეთ ბალკანეთიც. პუტინს ეს ყველაფერი საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ დიდი რუსეთის ხელახლა შექმნა სურს, რომ უნდა დააბრუნოს ის სიტუაცია, როცა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის დიდ ტერიტორიებს აკონტროლებდა. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები პუტინის წინააღმდეგ დავდგეთ. მომდევნო კვირაში [სამიზნე] შესაძლოა უკრაინა იყოს, მაგრამ რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი?", – თქვა ლიზ თრასმა. 

გასულ დღეს, 19 თებერვალს, ლიზ თრასი უკრაინის შეჭრის შემთხვევაში რუს ოლიგარქებს დაემუქრა. 

"უკრაინას სჭირდება თავდაცვითი დახმარება და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მის მხარდაჭერას, მის მხარდამხარ დგომას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა სანქციებზე. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე გადასახადს, მათ შორის, მკაცრ სანქციებს დავაკისრებთ. ჩვენ შევუჩერებთ რუს ოლიგარქებს საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობას, შევუჩერებთ მოგზაურობის შესაძლებლობას და რუსული კომპანიებისთვის ჩვენი აქტივების ბაზარზე მუშაობას უფრო გავართულებთ". – თქვა თრასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა

კომენტარები