დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თრასი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუს ოლიგარქებს ბრიტანეთში შესვლა შეეზღუდებათ

ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუს ოლიგარქებს ბრიტანეთში მოგზაურობა შეეზღუდებათ. მისივე თქმით, რუსული კომპანიებისთვის გართულდება საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებაც.

"უკრაინას სჭირდება თავდაცვითი დახმარება და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მის მხარდაჭერას, მის მხარდამხარ დგომას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა სანქციებზე. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე გადასახადს, მათ შორის, მკაცრ სანქციებს დავაკისრებთ. ჩვენ შევუჩერებთ რუს ოლიგარქებს საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობას, შევუჩერებთ მოგზაურობის შესაძლებლობას და რუსული კომპანიებისთვის ჩვენი აქტივების ბაზარზე მუშაობას უფრო გავართულებთ". – თქვა თრასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები