დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზალკალიანი: მიუნხენის კონფერენციაზე ჩვენი ყოფნა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა უკრაინისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანი" იყო. 

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერმინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას".- ამბობს ზალკალიანი. 

მისივე თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრები ჰქონდა ეკონომიკური მიმართულებით, რადგან "ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია". 

19 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ზალკალიანმა უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. 


18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

 

კომენტარები