დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

საგარეო: ზალკალიანი კულებას შეხვდა – უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ზალკალიანმა უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"საქართველოს ვიცეპრემიერიმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იქნეს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს გააჩნია შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხარდაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. ამავდროულად, 17 თებერვლის შემდეგ დაძაბული ვითარებაა დონბასში.

უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები