დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

EU: ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას

ჯოზეფ ბორელი
European Interest

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს მდგომარეობის დეესკალაციისკენ და უკრაინის საზღვრების სიახლოვიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ.

"ამ ესკალაციას ახლა ემატება ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მატება აღმოსავლეთ უკრაინაში კონტაქტის ხაზზე. ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის წინადადებას არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოვუწოდებთ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ყველა მონაწილეს, არსებული სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის მიზნით მონაწილეობა მიიღონ ამ ძალზე საჭირო ძალისხმევაში." - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ პროვოკაცია შეიძლება ესკალაციის საბაბად იყოს ამოყენებული. გაერთიანება მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის მუშაობას და აღნიშნავს, რომ მისიას მუშაობის სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

"ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ დადგმული მოვლენები, შეიძლება გამოყენებულ იყოს შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. ევროკავშირი ასევე ხედავს ინფორმაციის მანიპულირების მცდელობების გააქტიურებას, რათა გამყარდეს ეს მიზანი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას კოორდინირებული სანქციები მოჰყვება და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ევროკავშირი ვერ ხედავს უკრაინის შესაძლო თავდასხმის შესახებ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების ბრალდების საფუძველს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ჩაერთოს დიალოგში, დიპლომატიაში, გამოიჩინოს თავშეკავება და დაიწყოს დეესკალაცია. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომ სამხედრო აგრესიას საპასუხოდ მოჰყვება შედეგები და მძიმე ფასი, მათ შორის პარტნიორებთან კოორდინირებული შემზღუდავი ზომები. ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - ნათქვამია განცხადებაში.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები