დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბიბილოვის თქმით, ოკუპირებული ცხინვალი მზადაა, დონეცკიდან ობოლი ბავშვები მიიღოს

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მზად არის, რომ დონეცკიდან ევაკუირებული ობოლი ბავშვები მიიღოს. ცხინვალის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ამის შესახებ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, დენის პუშლანს სატელეფონო საუბრისას უთხრა.

ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, დახმარების შეთავაზება ასევე გაეგზავნება ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერსაც.

რუსული და აფხაზური პროპაგანდისტული მედია სოხუმის ე.წ მერიის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთი მზად არის, მიიღოს დევნილები უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები