ბათუმი

კალოიანი: ოპოზიციის ნაწილი 15 000 ჩინელის ზღაპარზე ძალიან სახიფათო პოპულიზმის დროშას აფრიალებს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ბათუმში ჩინეთის 15 000 მოქალაქის ჩამოსახლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კალოიანის შეფასებით, "15 000 ჩინელის ზღაპარზე" ოპოზიციონერები "სახიფათო პოპულიზმის დროშას აფრიალებენ". 

ოპოზიციური პარტიების წევრები ამტკიცებენ, რომ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 12 კორპუსს აშენებს, რომლებშიც, მათივე მტკიცებით, ე.წ. ფიშინგის ქოლცენტრი გაკეთდება და "დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება". 

"ძალიან სახიფათო პოპულიზმის დროშას აფრიალებს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბათუმში გოგოლის ქუჩაზე უკანონო!!! მშენებლობასთან მიმართებაში.

15 000 ჩინელის ზღაპარი იგივეა რაც ქოცების მიერ ტირაჟირებული 5 0000 ჩამოსახლებული თურქის უზნეო ბოდვა. რთულია ურჩხულს არ დაემსგავსო მასთან ბრძოლაში, თუმცა შესაძლებელია". - წერს ვახტანგ კალოიანი. 

ინფორმაცია თავდაპირველად ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. კუპრაძე 3 თებერვალს ამტკიცებდა, რომ კორუფციულ სქემაში ბიძინა ივანიშვილიც არის ჩართული.  

"ეს არის ახალი ტიპის უზარმაზარი კორუფციული სქემა პერსონალურად გალიფ ოზთურქის, ბიძინა ივანიშვილისა და რომელიღაც დიდი ჩინური კომპანიის, რომელთაც გადაწყვიტეს დიდი რაღაც ტიპის IT სივრცის შექმნა, რომელიც იქნება ე.წ. ფიშინგის ქოლცენტრის ახალი კერა, იქნება ონლაინ კაზინეობი ფიშინგით და, მათ შორის, კიბერდანაშაულის ახალი კერა. 

[...] რატომ გაჩნდა სხვაგან დასახლების სურვილი, პერსპექტივა და შესაძლებლობა? იმიტომ, რომ ჩინეთმა გამოაძევა კრიმინალური ჯგუფები და გადმოინაცვლეს ბათუმში, ქუჩაში ერთმანეთს უსწორდებიან. რამდენიმე საავადმყოფოში საიდუმლოდ გადაჰყავთ და შემდეგ არც კი აქვეყნებენ ინფორმაციას ამ კრიმინალური გარეჩევების შესახებ. ადამიანები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან, გვეუბნებიან, რომ გარეთ არ უშვებენ და მხოლოდ ღამით გამოდიან. ბათუმში ყველამ იცის ამის შესახებ. [...] ქსენოფობია ჩახსნილია ამ პროცესიდან სრულიად და მე არ ვიქნები იმ ადამიანის თანამოაზრე, რომელიც ეროვნების სეგმენტში გადაიტანს, მაგრამ მარტივია - დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში". - თქვა კუპრაძემ.  

საკითხზე 15 თებერვალს, პარლამენტში ისაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ხაჯიშვილმაც. ხაჯიშვილმა თქვა, რომ ბათუმში "უკანონო ქალაქი" შენდება და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, საკითხით დაინტერესდეს. 

"ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე არის სრული განუკითხაობა, ყაზარმული ობიექტი, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 15 000 ჩინელი იცხოვრებს. ფაქტობრივად, ქალაქში უკანონო ქალაქი შენდება. ადგილობრივ ხელისუფლებას საერთოდ არ ეკითხებით, რა ხდება იქ და არ უთანხმებთ არაფერს. მათ თოჯინებად თვლით და მათ მხოლოდ ლაპარაკი კი არა, იმ მიმართულებით გავლაც კი ეკრძალებათ. ყველამ ვიცით,რ ომ უკანონო მშენებლობების ავტორი თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქია, რომელიც არ აღიარებს და პატივს არ სცემს  საქართველოს კანონმდებლობას, სარგებლობს პრემიემრინიტრ ღარიბაშვილის მფარველობით. 

ქალაქში გავრცელებული ინფორმაციით, იქნება გარკვეული თურქულ-ჩინური წარმომავლობის ე,წ. ფიშინგ ცენტრი. არ ვიცი, თქვენ იარებთ თუ არა, ეს რამდენად საფრთხისშემცველია ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო რეპუტაციისთვის". - თქვა მან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურება და კონკრეტული ბიზნესურთიერთობების საკითხს მათთან კავშირი არ აქვს.

"ჩვენთან რა კავშირშია საერთოდ ეს საკითხი? კონკრეტული ბიზნესურთიერთობებია და სანამ 25 ათასებს, 20 ათასებს და ასეთ რიცხვებს იტყვით, თქვენ ყველას გახსოვთ, ამ ქვეყანაში ვინ რომელ დროს ყველაზე მეტ უცხოელს მოქალაქეობა რომ დაურიგა. საზღვრის კვეთაზე უნდა გამოითხოვოთ ინფორმაცია და უნდა უთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ზუსტად რამდენი ადამიანია. მთავრობის მეთაურს ზუსტი და ყოველდღიური ინფორმაცია ვერ ექნება, რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის. ჩვენ ღია ვართ როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. კონკრეტულ რიცხვებს როცა დაასახელებთ და მთავრობას დაუკავშირებთ, ჯობია, მარტივად გადაამოწმოთ საემიგრაციო სამსახურებთან". - ამბობს რიჟვაძე.

კომენტარები