დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონბასელი სეპარატისტების მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი გარდაიცვალა

უკრაინელი სამხედრო სანგარში, დონეცკთან ახლოს, 2021
AFP

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 19 თებერვლის დილის 9:00 საათის მონაცემებით, დონბასელი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების 19-ჯერ დარღვევა დააფიქსირეს, მათგან 16-ში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა. 

გარდა ამისა, უკრაინის გაერთიანებული ძალების ცნობით, დონეცკის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.  

"ოკუპანტები აგრძელებენ სროლას დასახლებებიდან და საცხოვრებელ კორპუსებთან საარტილერიო სისტემების განთავსებას. მტერი ამ გზით ცდილობს, აიძულოს უკრაინის ძალების ქვედანაყოფები, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნას, რათა უკრაინის დამცველი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში მეტად დაადანაშაულოს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გაერთიანებული ძალები ცეცხლს არ ხსნიან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს იცავენ. გაერთიანებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და ადეკვატურად რეაგირებენ მტრის პოტენციურ მუქარებზე". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

18 თებერვალს დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში ორივე მარიონეტი ლიდერი იყენებს სიტყვას - "დღეს",  მეტამონაცემებიდან ირკვევა, რომ ვიდეო 16 თებერვალსაა ჩაწერილი.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.  

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

კომენტარები