აშშ-რუსეთი

"ტიპმა თქვა – ტიპმა გააკეთა" – ლავროვი რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებზე

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრი, სერგეი ლავროვი რუსეთის უსაფრთხოების მოთხვონებზე ჟარგონის ენით საუბრობს

"ვიმეორებ, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ამერიკელ კოლეგებსა და მათ NATO-ს მოკავშირეებს დეტალურად ავუხსნათ, რომ დაპირებებით ვერ დავკმაყოფილდებით... ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ, რომ ყველაფერი სამართლიანად იყოს. არ მინდა ჟარგონი გამოვიყენო, მაგრამ გვაქვს ასეთი ცნება – "ტიპმა თქვა – ტიპმა გააკეთა". "ცნებები", უკიდურეს შემთხვევაში, შენარჩუნებული უნდა იყოს საერთაშორისო დონეზეც", – თქვა ლავროვმა. 

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. 17 თებერვალს მოსკოვმა აშშ-ს გაუგზავნა პასუხის პასუხი, რომელშიც აშშ-ს რეაქციას, რუსეთის მოთხოვნებზე, არაკონსტრუქციული უწოდეს.

კომენტარები