აშშ-რუსეთი

"პასუხი კონსტრუქციული არ ყოფილა" – რუსეთის საგარეომ აშშ-ს პასუხის პასუხი გაუგზავნა

რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების პასუხის პასუხი გაუგზავნა.

რუსულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკული მხარისგან არ მიუღიათ კონსტრუქციული პასუხი და მათ არ გაუთვალისწინებიათ მათი მთავარი მოთხოვნები. 

"ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გაგვცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მიერ მომზადებული აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების ძირეულ ელემენტებზე", – ნათქვამია რუსეთის პასუხში. 

პასუხში დაზუსტებულია, რომ ძირეულ ელემენტებში იგულისხმება NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების (რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან) უკან წაღება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მოცემულობისთვის, ანუ NATO-ს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებამდე არსებულ განლაგებებზე დაბრუნება.

რუსეთი პასუხის პასუხში საუბრობს აშშ-ს მსგავსი დამოკიდებულების საპირისპიროდ სამხედრო-ტექნიკური გზების მიმართვაზე. 

"რადგან ამერიკისგან არაა მზაობა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველმყოფ, მყარ, იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებაზე, რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზების განხორციელებით", – ნათქვამია რუსეთის პასუხში. 

დოკუმენტში რუსეთის მხარე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის გეგმა არ არსებობს და არც იგეგმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხის პასუხი აშშ-ს ელჩს რუსეთში, ჯონ სალივანს გადასცა და რამდენიმე საათში საჯაროდ გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე. თუმცა, ვებგვერდი არსებული შეფერხების გამო დროებით მიუწვდომელი იყო. 

ამ ყველაფრის პარალელურად, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გააძევა აშშ-ს ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი. აშშ რუსეთს ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებს. 

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

ამჟამინდელი მოვლენების პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს, 17 თებერვლიდან კი დონბასში ვითარება გამწვავდა, რადგან პრორუსმა სეპარატისტებმა დაიწყეს პროვოკაციული ქმედებები და უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან.

კომენტარები