კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრი: პრემიერი ანტივაქსერი არაა, ვუსმენდი და ზუსტად გავიგე, რა იგულისხმა

საქართველოს მთავრობა / Facebook

"რასაკვირველია, პრემიერმინისტრი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს" - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც ომიკრონთან მიმართებით "ვაქცინაციის არაეფექტიანობას" ეხებოდა. მინისტრს ამის "დასტურად" ირაკლი ღარიბაშვილის ორი დოზით აცრა მოჰყავს.

"პირიქით, ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს ზემოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ - ორასლარიანი დანამატი, ასევე ას ლარი ბუსტერდოზის შემთხვევაში. იმაზე საუბარი, პრემიერი ანტივაქსერი არის თუ არ არის, ვფიქრობ, არასწორია" - ამბობს ზურაბ აზარაშვილი და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რა იგულისხმა, თავად "ზუსტად გაიგო".

"დავამატებ იმას, რაც მან თქვა, მე ამას ვუსმენდი და ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. ომიკრონი არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა ის, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო, თორემ ომიკრონთან დაკავშირებით, როგორც იცით, ფაიზერმა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში უკვე ეს ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად ამ შტამზე, ომიკრონზე მუშაობს, აქედან გამომდინარე იყო მისი კომენტარი" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შემთხვევაში "ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა. 

პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას ეყრდნობოდა ამ განცხადებისას, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) კონკრეტულად ომიკრონისა და ვაქცინაციის ურთიერთმიმართების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, ზოგადად Covid-19-ის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკა კი, რომელიც 2021 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეწინააღმდეგება. 

"თავდაპირველად [მწვანე პასპორტების შემოღებისას] ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და დელტას და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

NCDC-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყებიდან) 31 დეკემბრამდე მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია სრულად აცრილ პირებთან შედარებით.

NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა - მხოლოდ 0.19%. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონის ტალღის შესამცირებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. 

კომენტარები