პაკისტანი

პაკისტანის პოლიცია ექიმბაშს ეძებს, რომელმაც ორსულ ქალს თავში ჩაქუჩით ლურსმანი ჩააჭედა

პაკისტანის პოლიცია ექიმბაშს ეძებს, რომელმაც ორსულ ქალს თავში ჩაქუჩით ლურსმანი ჩააჭედა. მოგვიანებით, ქალმა ლურსმნის ამოღება ბრტყელტუჩათი უშედეგოდ სცადა, შემდეგ კი ქალაქ პეშავარის ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიდა.

ექიმების თქმით, თავდაპირველად ქალი ამტკიცებდა, რომ ლურმანი თავში თავადვე ჩაიჭედა, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ ექიმბაშთან იყო, რომელიც ამ გზის გამოყენებით, მას ბიჭის გაჩენის "გარანტიას" აძლევდა. 

როგორც საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ადგილობრივ მედიას უთხრა, ქალმა ზემოხსენებული პრაქტიკის შესახებ მეზობლისგან გაიგო. მისივე თქმით, 3 თვის ორსულმა ქალმა ექიმბაშთან მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქმარი დაემუქრა, რომ თუკი მეოთხე შვილიც გოგო იქნებოდა, მიატოვებდა.

ინტერნეტსივრცეში რენტგენის სურათების გავრცელების შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები