უკანონო მშენებლობები

კალაძე: უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტს ინიციატივით მივმართავ

ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს ერთი პრობლემა - მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა. 

შესაბამისად, მინდა მივმართო ინიციატივით პარლამენტს, რათა იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აღსრულების პროცესს. 

კარგად იცით, რომ მერიაში ჩემი მოსვლის დღიდან არაერთი ღონისძიება გავატარეთ უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. 

ოთხი წლის განმავლობაში 4 200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 3 500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა.

2014-2017 წლებში 3 400 დარღვევა იქნა გამოვლენილი და დაიწერა 19 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კრიტიკას არ მივიღებთ. ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებას მივმართეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 
 

კომენტარები