დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს არ შეუძლია უარი თქვას ღია კარის პრინციპზე

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ უკრაინის საზღვრებთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. დი მაიოს თქმით, იტალია მუშაობს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდებისთვის. 

"ეს გაართულებს უკვე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს იმ კონფლიქტისგან, რომელიც დაიწყო თითქმის ათი წლის წინ ევროპის კიდეზე, ტრიესტედან სულ რაღაც 200 კილომეტრში". – თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა

დი მაიომ ასევე ყურადღება გაამახვილა NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და წევრი სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ. 

"NATO-ს ნამდვილად არ შეუძლია უარი თქვას "ღია კარის" პრინციპზე და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც მომავალში უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა, ვიცით, რომ ეს არის წითელი ხაზი მოსკოვისთვის". – თქვა დი მაიომ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც კიევმა უნდა გაატაროს ნატოს სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, ჯერ კიდევ არასრულია.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები