კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: მედპერსონალში ინფიცირება მაღალია, იზოლაციის შემცირებით დროულად დაბრუნდებიან

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალში საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, იზოლაციის ვადის 5 დღემდე შემცირება, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი იმსჯელებს, დაეხმარება სექტორს, რომ სამედიცინო პერსონალი დროულად დაუბრუნდეს სამსახურს.

"სამედიცინო პერსონალში გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არაა, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ მათი სამსახურში დროული დაბრუნებისთვის შესაძლებელია დაგვეხმაროს 5 დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება. სამედიცინო პერსონალისთვის მნისვნელოვანია ბუსტერ დოზის გამოყენება". – ამბობს გაბუნია.

შესაძლოა, ქვეყანაში იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს იზოლაციის ვადის შემცირებაზე მსჯელობა დაავალა.


17 იანვარს ძალაში შესული რეგულაციით, კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე უნდა იყოს, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი. დღიური დადებითობა 33.61%-ია.

კომენტარები