კორონავირუსი საქართველოში

შესაძლოა, იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს

მთავრობის ადმინისტრაცია

შესაძლოა, ქვეყანაში იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს იზოლაციის ვადის შემცირებაზე მსჯელობა დაავალა.

"საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% ომიკრონის შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ". – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, რომ, შესაძლოა, ტესტირების საფუძველზე იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდეს.

17 იანვარს ძალაში შესული რეგულაციით, კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე უნდა იყოს, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. ეს წესი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ვაქცინის დოზების მიღებიდან გასულია არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი. დღიური დადებითობა 33.61%-ია.

კომენტარები