დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო – პუტინი ზელენსკის დაწუნებულ მინსკის შეთანხმებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების დაწუნებას რუსული გამოთქმით გამოეხმაურა. 

"რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, არის თუ არა ცოცხალი, ან აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა – მე ვთვლი, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. გავიმეორებ, კიევში ან ამბობენ, რომ დააკვირდებიან, ან – ჩვენ ქვეყანას დაანგრევსო. მოქმედმა პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო, შესრულებაა საჭირო, სხვანაირად არ გამოვა. არ სურთ დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი. [შეთანხმებაში] წერია, რომ უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ მათთან, სხვანაირად როგორ იმუშავებენ. შეუძლებელია. ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბო, აღიარო რა წერია, არ თქვა შავზე თეთრიაო და თეთრზე შავიაო", – თქვა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე.

მინსკის პროტოკოლი ჯერ 2014 წლის სექტემბერში, შემდეგ ხელახლა 2015 წლის თებერვალში გაფორმდა უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის. მის მიხედვით შეიქმნა რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. გაფორმების შემდეგ პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა. მისი მეშვეობით კონფლიქტი დონბასში ვერ შეჩერდა. შეთანხმების პუნქტებს უარყოფითად აფასებენ უკრაინის მთავრობაში.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები