დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შოლცი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე: ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი

ოლაფ შოლცი

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში და რუსეთში დაგეგმილ ვიზიტებამდე ამერიკულ გამოცემა The Washington Post-ს ინტერვიუ მისცა. შოლცის თქმით, გერმანია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა შემუშავდეს ერთობლივი სტრატეგია რუსეთის შესაძლო აგრესიაზე საპასუხოდ.

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი ეკონომიკური მხარდამჭერია და აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან.

"ჩვენ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერი ვართ და ასე გავაგრძელებთ. [..] ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებადი ენერგიის და მომავლის ტექნოლოგიების სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, შესაძლებლობებისთვის უკრაინა იყოს ეკონომიკურად და ფინანსურად უფრო მდგრადი.

დღეს გერმანიას აქვს ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი კონტინენტურ ევროპაში. NATO-ს რეაგირების ძალებში ათასობით გერმანელი სამხედროა, ასობით სამხედრო ლიტვაშია, სადაც ვხელმძღვანელობთ NATO-ს EFP-ს მისიას და ამჟამად გავგზავნეთ რამდენიმე გამანადგურებელი რუმინეთში საჰაერო სივრცის პარტნიორებთან ერთად პატრულირებისთვის. ასე მოვიქცევით ბალტიის ქვეყნებშიც." - თქვა შოლცმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლება თუ არა გერმანიამ შეაჩეროს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაშვების პროცესი უკრაინაში რუსეთის შეჭრას შემთხვევაში, შოლცმა თქვა, რომ ასეთ დროს ყველა შესაძლებლობა განიხილება.

"ჩვენ მზად ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ძალიან ნათელი შეთანხმება გვაქვს აშშ-ს მთავრობასთან ევროპაში გაზის ტრანზიტის და ენერგიის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე უკვე შევთანხმდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერთ, მტკიცედ ვიბრძოლებთ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის და ძალიან ხისტი ვიქნებით, თუ გაზის ტრანზიტს საფრთხე შეექმნება. ასევე სრულიად ნათელია, რომ ასეთ სიტუაციაში ყველა შესაძლებლობა განიხილება. გამიგეთ, დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი" - თქვა შოლცმა.

კანცლერმა ასევე თქვა, რომ ერთი მხრივ დასავლეთი ცხადად ამბობს, რას იზამს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ორაზროვნება.

"ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და ევროკავშირში, რათა ნათელი იყოს, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ ჩვენ ასევე ცხადად ვსაუბრობთ სტრატეგიული ორაზროვნების საჭიროებაზე." - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის განმარტებით, ასეთი მიდგომა საჭიროა, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს "დაიანგარიშოს" რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინაში შეჭრა. შეჭრისთვის ფასი უნდა იყოს ძალიან მაღალი - ისეთი, რომ მისი თავიდან არიდება სცადონ.

კანცლერის თქმით პუტინთან შეხვედრის დროს მისი გზავნილიც ეს იქნება - რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს, თუ უკრაინაში შეიჭრება.

"პირველ რიგში, [გზავნილი] იქნება რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს, თუ უკრაინაში მისი სამხედროები ჩაერევიან და მეორე მხრივ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა გამოვიყენოთ კომუნიკაციის ყველა არხი, რომელიც გვაქვს: აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, NATO-რუსეთის საბჭო, ეუთო და, რა თქმა უნდა, ნორმანდიის ფორმატი, რომელიც კვლავ ცოცხლდება პრეზიდენტ მაკრონის და ჩემი ძლიერი ჩართულობით" - თქვა შოლცმა.

ოლაფ შოლცი უკრაინაში 14 თებერვალს ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მომდევნო დღეს, 15 თებერვალს შოლცი რუსეთში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა დაგადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები