კორონავირუსი საქართველოში

შსს: პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ, არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე, მუშაობის პროცესი ფერხდება

კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, 112 განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია.

მათივე ინფორმაციით, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.

"გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:

• 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

• 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური

• 112-2 -Covid -19

Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/

112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.

თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე".- აღნიშნულია განცხადებაში. 


საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 362 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი. დღიური დადებითობა 36.47%-ია, ბოლო 7 დღის - 27%, ბოლო 14 დღის კი 30.65%.

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები