საქართველო-აზერბაიჯანი

საგარეო: განჯის კარიბჭის საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას

განჯის კარიბჭე
საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის თქმით, განჯის კარიბჭის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას და ის არც მთავრობათაშორისი კომისიის განხილვის თემა ყოფილა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის, კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯის კარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული. დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯის კარის საკითხი არ არის დღის წესრიგში". – თქვა სამინისტროს პრესსპიკერმა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის კარიბჭის დაბრუნება სურს და ამის შესახებ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მედიასთან აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა, ანარ ქერიმოვმა ისაუბრა.

ქალაქი განჯა აზერბაიჯანში მდებარეობს. 1138-1139 წლების ლაშქრობების დროს ქალაქი საქართველოს სამეფოს მეფემ, დემეტრე I-მა აიღო და კარიბჭე ნადავლის სახით წამოიღო, შემდეგში კი გელათის მონასტერს შესწირა.

კომენტარები