დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პოლონეთი ევროპაში აშშ-ს სამხედროების გაგზავნაზე: მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის

მარიუშ ბლაშჩაკი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილება, გააძლიეროს NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი, აჩვენებს, რომ აშშ და ალიანსი სერიოზულად აღიქვამენ რუსეთის საფრთხეს და შეკავებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.

"როგორც გამოცხადებული იყო, 1 700 ამერიკელი სამხედრო გადაყვანილი იქნება პოლონეთში. ეს სოლიდარობის ძლიერი სიგნალია და პასუხია უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩვენი მეზობლის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას" - წერს ბლაშჩაკი Twitter-ზე.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პიოტრ ვავჟიკის თქმით, პენტაგონის გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია რუსეთის ფედერაციისთვის.

"ეს ადასტურებს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერას და ასევე მკაფიო სიგნალია რუსეთის ფედერაციისთვის. რუსეთში დაძაბულობის ზრდა იწვევს კონკრეტულად პოლონეთში აშშ-ს უფრო აქტიურ ჩართვას" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

აშშ უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს გაგზავნის. აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში 2 000 სამხედრო ჩავა, ხოლო ამჟამად გერმანიაში მყოფი 1 000 ამერიკელი სამხედრო რუმინეთში გაიგზავნება.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები