Russia Today

გერმანიის მარეგულირებელმა კომისიამ Russia Today მაუწყებლობიდან მოხსნა

გერმანიის მარეგულირებელმა კომისიამ რუსული პროპაგანდისტული არხი Russia Today მაუწყებლობიდან მოხსნა. ამის მიზეზად ტელევიზიის ლიცენზიის არქონა დაასახელეს.

RT-ის გერმანულენოვანმა არხმა 16 დეკემბერს ნებართვის გარეშე დაიწყო სატელიტური მაუწყებლობა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 

გარდა ამისა, სექტემბერში YouTube-მა COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, მისი გერმანულენოვანი არხიც წაშალა. YouTube-ის წარმომადგენლობის განმარტებით, RT არღვევდა სამომხმარებლო წესდებას და აქვეყნებდა ისეთ ვიდეომასალას, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ. 

თავდაპირველად, RT-მ მიიღო გაფრთხილება, თუმცა მისი უგულებელყოფისა და დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელების გამო, კომპანია Google-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ YouTube არხი უნდა წაშლილიყო. 

ლატვიამ კი Russia Today (RT) 2020 წლის ივლისში აკრძალა. ლატვიური მხარის განცხადებით არხი დიმიტრი კისილიოვის მმართველობის ქვეშაა. უკრაინაში რუსული აგრესიის პროპაგანდისთვის კისილიოვისთვის ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული.

აგრეთვე, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკმა" ესტონეთში მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2020 წლის პირველ იანვარს თითქმის 30-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. 

რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დასაქმებულებმა დაასრულეს შრომითი ხელშეკრულებები და თანამდებობა დატოვეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

აღსანიშნავია, რომ RT აშშ-ის ე.წ. შავს სიაშიცაა და 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი გამოცემის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

კომენტარები