COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, YouTube-მა რუსეთის პროპაგანდისტული სახელმწიფო მედია პლატფორმის, Russia Today-ს გერმანულენოვანი არხი წაშალა.
YouTube-ის წარმომადგენლობის განმარტებით, RT არღვევდა სამომხმარებლო წესდებას და აქვეყნებდა ისეთ ვიდეომასალას, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ.
თავდაპირველად, RT-მ მიიღო გაფრთხილება, თუმცა მისი უგულებელყოფისა და დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელების გამო, კომპანია Google-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ YouTube არხი უნდა წაშლილიყო.
კომპანიის განმარტებით, YouTube-ი მკაცრად აკონტროლებს COVID-19-თან და ვაქცინებთან დაკავშირებით ატვირთულ ვიდეომასალებს და წესდების დამრღვევები კანონის შესაბამისად ისჯებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ YouTube-ს ქმედება დაგმო და კომპანია Google-ი ინტერნეტცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა.
"საქმე გვაქვს უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესიასთან და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან". – განმარტავენ სამინისტროში.
Russia Today-ს ცნობით, რუსეთის მთავრობა YouTube-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, რომ RT აშშ-ის ე.წ. შავს სიაშია და 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი გამოცემის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.