დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: ევროპაში ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციაზე უნდა იმუშაონ

Bloomberg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში შეშფოთებულები არიან ევროპის ენერგო მდგომარეობით, მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე დამოკიდებულებით და საჭიროა, ევროპაში ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციაზე იმუშაონ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ენერგო სიტუაციით ევროპაში, რადგან ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის მხოლოდ ერთ მომწოდებელზე ზედმეტ დამოკიდებულებას და სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც თანხმდებიან NATO-ს მოკავშირეები, რომ გვჭირდება მუშაობა და ფოკუსირება მიწოდების დივერსიფიკაციაზე". - ამბობს სტოლტენბერგი.

რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის მესამედს აწვდის. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ენერგიის 60.7% იმპორტირებული იყო, ქვანახშირის, ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის უდიდესი მომწოდებელი კი რუსეთი. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს ევროპის მზარდ დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე. 

ბოლო პერიოდში, ევროპაში ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა და ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ენერგოკრიზისს ამწვავებს ბუნებრივი აირისა და შესაბამისად, ელექტროენერგიის ფასების რეკორდული ზრდაც.

ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდის შედეგად აშენდა გაზსადენი Nord Stream 2, რომელიც ერთმანეთთან რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ერთ-ერთ სანქციად სწორედ ამ გაზსადენის პროექტის გაჩერებას განიხილავენ.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები