დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ნაწილების გაგზავნას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და თავდაცვის შტაბის მეთაური ადმირალი ტონი რადაკინი
ANDREW PARSONS/NO 10

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ნაწილების გაგზავნას და თავისი ძალების გაორმაგებას განიხილავს. პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ნათელი გზავნილი იქნება კრემლისთვის.

"ჩვენს სამხედრო ძლებს მივეცი ბრძანება, მზად იყვნენ მომდევნო კვირას ევროპაში გადაყვანისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ შევძლოთ NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერა ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერში." – თქვა ჯონსონმა.

მომდევნო კვირას ბორის ჯონსონი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩავა. უახლოეს დღეებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტელეფონით ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ასევე იგეგმება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი მოსკოვში.

ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს დესტაბილიზაციის გამომწვევ მოქმედებებს რუსეთისგან და ყოველთვის NATO-ს მოკავშირეების გვერდით იქნება.

"თუ პრეზიდენტი პუტინი სისხლისღვრის და განადგურების გზას აირჩევს, ეს ტრაგედია იქნება ევროპისთვის. უკრაინა უნდა იყოს თავისუფალი საკუთარი მომავლის არჩევანში." – თქვა ჯონსონმა.

NATO-ს მისიის ფარგლებში 900 ბრიტანელი სამხედრო ესტონეთში იმყოფება, დაახლოებით 150 კაციანი ესკადრონი პოლონეთშია განთავსებული. წვრთნების ფარგლებში 100-ზე მეტი ბრიტანელი სამხედრო უკრაინაში იმყოფება. აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი სამხედროების რაოდენობის გაზრდის გარდა დიდ ბრიტანეთს ესტონეთისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნა სურს.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრის ფონზე 17 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო. გასულ კვირას ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო ხომალდების შესაძენად 1.7 მლრდ ფუნტი სტერლინგი გამოუყო.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები