დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო

უკრაინის არმიის რეზერვისტი სამხედრო წვრთნების დროს
EPA

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის მოკლე მანძილის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა ისაუბრა. მინისტრის თქმით, უკრაინაში წვრთნებისთვის ასევე ჩავა ბრიტანელი სამხედროების მცირე ჯგუფი.

სამხედრო ძალების წვრთნებისთვის ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში 2015 წლიდან არიან. დიდმა ბრიტანეთმა ასევე დადო პირობა, რომ დაეხმარებოდა უკრაინას ფლოტის აღდგენაში. თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის "ზრდადი სახიფათო ქცევის" გამო დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით დახმარებას გაუწევს უსაფრთხოების საკითხებში.

ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების პირველი ნაკადი უკრაინაში ორშაბათს, 17 იანვარს გაიგზავნა.

"უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი საზღვრები და ეს გზავნილი მისი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს. მინდა ნათლად აღვნიშნო, ეს არის მოკლე მანძილის და ცალსახად თავდაცვითი იარაღი. ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. მათი გამოყენება მხოლოდ თავდაცვისთვისაა შესაძლებელი." – თქვა მინისტრმა პარლამენტში საუბრისას.

უოლასის თქმით, უკრაინაში დესტაბილიზაციის შემთხვევაში რუსეთისთვის მომზადებულია საერთაშორისო სანქციები და უკრაინაში შეჭრა ოკუპაციად იქნება განხილული, რომელიც ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

"ჩვენ გვსურს მეგობრობა რუს ხალხთან, როგორც ვმეგობრობდით ასობით წლის განმავლობაში. არსებობს რეალობა, სადაც შეგვიძლია, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს. პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული, აირჩევს დიპლომატიას და დიალოგს, თუ კონფლიქტსა და მის შედეგებს." – თქვა უოლასმა.

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკო მიესალმება უკრაინაში დამატებითი შეიარაღების გაგზავნას. BBC-ისთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის და "ევროპაში ყველაზე დიდ არმიასთან" გამკლავება მარტო უწევს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

კომენტარები