ევროპული საქართველო

ბოკერია რუსეთის ნოტაზე: მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს ძალიან ეტკინათ აქცია

ევროპული საქართველო, 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტიის მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გამოგზავნილ საპროტესტო ნოტას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, პარტიამ აქციით შეძლო იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს საზოგადოების კრიტიკულ მასას.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთის მხრიდან გარდა პირდაპირ სამხედრო მანქანებით თავისუფლების წინააღმდეგ აგრესიისა ყველგან მსოფლიოში, უკრაინაში, საქართველოში, მიმდინარეობს მათი მხრიდან ომი ე.წ მორალური უპირატესობისთვის. გნებავთ დაარქვით იდეოლოგიური ან ღირებულებითი სამყარო, სადაც ამ ბოდვის და მოგონილი რეალობის ნიაღვრით გვებრძვიან. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, პრინციპული პოზიცია, რაც პრაგმატულია ამავე დროს და უნდა ვიყოთ ეფექტურები. ჩემი აზრით, ევროპული საქართველოს აქცია იყო ეფექტური. ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე, ჩვენ შევძელით იმის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, რომ ეს მთავრობა არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების კრიტიკულ მასას. ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეს ძალიან ეტკინათ, ისევე როგორც ეფექტური ფორმა. ამიტომ, ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ ევროპული საქართველოს აქციას". – თქვა ბოკერიამ.

რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტია ევროპული საქართველოს მიერ ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.

26 იანვარს ევროპული საქართველომ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართა. შენობის კედლებზე სპეციალურად მომზადებული კლიპი გავიდა, მასზე ფრიალებდა უკრაინის დროშაც.

კომენტარები