დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლუკაშენკო: ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში დავაბრუნებთ, ვიღაცებს რომც არ უნდოდეთ

ალექსანდრ ლუკაშენკო
ფოტო: reuters.com

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინას "სლავურ წიაღში" აუცილებლად დააბრუნებენ. ამის შესახებ მან პარლამენტისა და ბელარუსი ხალხის წინაშე გაკეთებულ მიმართვაზე ისაუბრა.

"დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია სისხლში დაახრჩოს რუსულ-უკრაინული ძმობა, ჩვენი სლავური ძმობა. მაგრამ ჩვენ ვართ მონათესავე სლავური ერები, რომლებიც მოვდივართ ერთი ნათლობის ემბაზიდან. ჩვენისაერთო ფესვები საუკუნის წიაღებიდან მოდის. ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ძმობა ხომ ბევრად უფრო დიდი რამაა, ვიდრე გამოგონილი წყენები და ადგილობრივი პოლიტიკური ამბიციები. ჩვენი განუყოფელი კავშირები არის საერთო უსაფრთხოებისა და გადარჩენის საფუძველი. ვიღაცებს რომც არ უნდოდეთ, ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში დავაბრუნებთ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ", – თქვა ლუკაშენკომ.

აქამდე, გასულ წელს ლუკაშენკომ მსგავსი სიტყვები რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც თქვა.

"მე არასდროს ვიქნები იმ ნაციონალისტური მღელვარების მხარეს, რომელიც დღეს უკრაინაშია. გესმით? მე ყველაფერს ვიზამ, რათა უკრაინა ჩვენი გახდეს. ის ჩვენი უკრაინაა, ჩვენი ერია იქ", – ამბობდა ლუკაშენკო.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები