კრიპტოვალუტა

რუსეთი კრიპტოვალუტის და მაინინგის აკრძალვას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გამოყენების და მაინინგის აკრძალვის ინიციატივა წარადგინა

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, კრიპტოვალუტა პოტენციურ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და მოქალაქეების კეთილდღეობას. 

განმარტებით დოკუმენტში აკრძალვის მთავარ მიზეზებად კრიპტოვალუტის საშუალებით ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობები სახელდება. 

რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოაქტივების ფასების ზრდას სპეკულაციურ მოთხოვნას და სხვადასხვა სახის თაღლითურ სქემებს უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვის პირდაპირი მეთოდი არ არსებობს, რაც დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიითაა განპირობებული.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებისა და მაინინგის შემზღუდავი მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის.   

საგულისხმოა, მაინინგის ინდუსტრიაში რუსეთი ერთ-ერთი მოწინავეა და მსოფლიო რეიტინგში ის ამჟამად მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ აშშ და ყაზახეთი უსწრებენ. 

ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყანაში მაინერების რაოდენობის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას და ენერგოქსელის გადატვირთვას იწვევს. 

"ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვაა". – წერია ბანკის ანგარიშში. 

გაიზიარებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ცენტრალური ბანკის ინიციატივას და რუსეთის მასშტაბით ფორმალურად აიკრძალება თუ არა კრიპტოვალუტის გამოყენება, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები