დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ლუკაშენკო: თუ რუსეთს თავს დაესხმებიან, ბელარუსი ომში მონაწილეობას მიიღებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისთვის გაკეთებული მიმართვის დროს თქვა, რომ თუ რუსეთის ფედერაციას თავს დაესხმებიან, ბელარუსი ომში მონაწილეობას მიიღებს.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ომში მონაწილეობას მიიღებს ორ შემთხვევაში. პირველი შემთხვევა იქნება, თუ თავდასხმის სამიზნე ბელარუსი გახდება.

"იქნება თუ არა ომი? დიახ, იქნება, ოღონდ მხოლოდ ორ შემთხვევაში. თუ ბელარუსის წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიას ჩაიდენენ, თუ ბელარუსის წინააღმდეგ ცხელ ომს გააჩაღებენ. ჩვენ ყველა, როგორც ერთი, ისინიც, ვისაც არ სურთ, დადგებიან ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად", – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ომში მონაწილეობის მეორე შესაძლებლობა იქნება ის შემთხვევა, თუ რუსეთს თავს დაესხმებიან.

"მეორე შემთხვევა, როცა ომი იქნება და ბელარუსი მონაწილეობას მიიღებს, არის თუ ჩვენს მოკავშირეს, რუსეთის ფედერაციას პირდაპირ დაესხმებიან თავს და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასეთივე აგრესიას ჩაიდენენ, [ბელარუსი რუსეთს დაეხმარება] ჩვენი მოკავშირეობის შეთანხმების შესაბამისად", – თქვა ბელარუსის ლიდერმა.

"მინდა ვუპასუხო კოლექტიურ დასავლეთს, მათთვის ეს შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებიან თუ არა სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე? თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია იქნება ჩადენილი, აქ ასიათასობით რუსი სამხედრო იქნება, რომლებიც ასიათასობით ბელარუს სამხედროსთან ერთად ამ წმინდა მიწას დაიცავენ", – დაამატა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ დაამატა, რომ მათთვის ომი მიუღებელია.

გასული წლის ნოემბერში ლუკაშენკომ თქვა, რომ ომის შემთხვევაში ბელარუსი გვერდზე არ გადგებოდა.

"კარგად ესმით, თუ უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება, ამიტომ საჭიროა ბეალრუსის ჯარის შეკავება, წნეხის ქვეშ ყოფნა", – ამბობდა ლუკაშენკო.

ამის შემდეგ, მსგავსი შინაარსის სიტყვები ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ თქვა: "თუ რუსეთი უკრაინის აგრესიის წინაშე აღმოჩნდება ჩვენ მჭიდრო იურიდიული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირით ვიქნებით რუსეთთან".


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები