ეკონომიკა

აშშ-ში ავტომობილები რეკორდულად გაძვირდა – ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები

პანდემიურ პერიოდში აშშ-ს სატრანსპორტო ბაზარზე მეორეული ავტომობილების ფასები, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა, რაც უმოკლეს დროში მანქანების გაძვირების რეკორდული მაჩვენებელია. 

ავტომობილების მკვეთრად გაძვირების ძირითადი მიზეზები კოვიდპანდემიას უკავშირდება. მთავრობების მიერ დაწესებულმა მკაცრმა რეგულაციებმა მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილების ქარხნების შეფერხება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ახალი ავტომობილების წარმოება. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიურ პერიოდში ავტომობილებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და ხალხმრავალ ადგილებში ვირუსის გავრცელების რისკებმა კერძო სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა გაზარდა. 

მიწოდების შეზღუდვის პარალელურად მოთხოვნის ზრდამ საერთაშორისო ბაზარზე ახალი და მეორეული ავტომობილების გაძვირება გამოიწვია. 

დეფიციტი

ექსპერტთა ნაწილი ავტომობილების წარმოების შემზღუდავ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიწოდების ჯაჭვის პრობლემას და მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერულ  ჩიპებსა და ნახევარგამტარებზე არსებულ დეფიციტს მიიჩნევს. 

დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პერიოდში ელექტრონულ ტექნიკაზე გაზრდილმა მოთხოვნამა ისტორიაში ყველაზე მწვავე ჩიპების დეფიციტი გამოიწვია. 

საშუალოდ, ერთი ავტომობილის წარმოებას 50-დან 150-მდე კომპიუტერული ჩიპი სჭირდება. ნახევარგამტარები, ასევე, აუცილებელია თითქმის ყველანაირი ტიპის ელექტრომოწყობილობის წარმოებისათვის. 

ჩიპების დეფიციტმა უმსხვილესი ამერიკული კომპანიების შეფერხება და მათი საწარმოო შესაძლებლობების თითქმის განახევრება გამოიწვია. Ford-ისა და GM-ის ქარხნები 2021 წელს რამდენჯერმე დროებით დაიხურა, წარმოების შეწყვეტა კი ნახევარგამტარების მარაგის ამოწურვას უკავშირდებოდა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, 2021 წელს 1.5 მილიონი ერთეულით ნაკლები ავტომობილის წარმოება იქნა შესაძლებელი.   


ინფლაცია 

ეკონომისტთა ნაწილი ავტომობილების გაძვირების მთავარ მიზეზად მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ ინფლაციის მაჩვენებელს და, შესაბამისად, საშენ მასალებსა და ენერგოპროდუქტებზე გაზრდილ ფასებს მიიჩნევს. საწარმოო ხარჯების ზრდა, თავის მხრივ, პროდუქტის, ანუ ავტომობილების გაძვირებას იწვევს.

შეზღუდული წარმოების, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და არასტაბილური სამუშაო ბაზრის პარალელურად, საშენი მასალების გაძვირებამ ახალი ავტომობილების ფასების ზრდა გამოიწვია, ამ უკანასკნელმა კი გავლენა მეორეულ ბაზარზეც იქონია. 


მობილობისშეზღუდვა

ნახმარი და დაზიანებული ავტომობილების ბაზარზე პროდუქციის მიწოდების განახევრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მობილობაზე დაწესებული შეზღუდვებია. სასწავლო და სამუშაო გარემოს დისტანციურ რეჟიმზე გადართვამ აშშ-ს მასშტაბით მნიშვნელოვნად შეამცირა ავტომობილების გამოყენება და მოქალაქეების მიერ წლის განმავლობაში საშუალოდ დაფარული მანძილი. 

გადაადგილების საშუალო მაჩვენებლის კლებამ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის და, შესაბამისად, Copart-სა და სხვა აუქციონებზე დაზიანებული ავტომობილების მიწოდების შემცირება გამოიწვია.   


გავლენა ქართულ ბაზარზე 

აშშ-ში მეორეული ავტომობილების გაძვირება, ცხადია, ქართულ ბაზარზეც აისახა. 2021 წელს ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 17.3%-ით გაიზარდა, პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ხარჯები კი 24.9%-ითაა გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ზუსტად არ ასახავს ამერიკული ბაზრის გავლენას ქართულ ბაზარზე.  

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2019 წელს საქართველოში იმპორტის სახით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 31.4%-ით, 759 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 2021 წელს ქვეყანაში 898 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც 2020 წლის მონაცემებს აღემატება, თუმცა თითქმის 200 მილიონით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს. 

პანდემიურ პერიოდამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით იმპორტის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საგარეო ვაჭრობა ჯერ სრულად არ აღმდგარა. იმპორტირებულ ავტომობილებზე დაბალი მოთხოვნა კი, შესაძლოა, აშშ-ს ბაზარზე გაზრდილ ფასებს, საწვავის გაძვირებას და რეექსპორტის შემცირებას დავუკავშიროთ. 


პროგნოზები და მოლოდინები

Cox Automotive-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება და ფასებიც შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ავტომობილების ფასები 2018-19 წლების ნიშნულს დაუბრუნდეს. 

KPMG-ის ეკონომისტების ვარაუდით, 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი მანქანების წარმოება, რაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენას და მეორეული ავტომობილების ფასების 20-30%-ით შემცირებას გამოიწვევს. 
 

კომენტარები