კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი

კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო ავტომობილების წარმოება შეფერხებულია

ფოტო: ft.com

მსოფლიოში მიმდინარე კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი განსაკუთრებით ავტომობილების მწარმოებლებს აზარალებს, რადგან მანქანების წარმოება ნახევარგამტარების გარეშე შეუძლებელია. 

საშუალოდ, ერთი თანამედროვე ავტომობილი 50-დან 150-მდე კომპიუტერულ ჩიპს იყენებს. 

მიწოდების ჯაჭვის კრიზისი, ექსპერტების აზრით, კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და შეფერხებული ჩიპების წარმოების პროცესი დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.  

ჩიპების გარეშე შეუძლებელია: სმარტფონების, კომპიუტერების, ტელევიზორების, ავტომობილების, საოჯახო ტექნიკისა და, მათ შორის, სამხედრო ტექნიკის წარმოებაც კი. 

დეფიციტით განსაკუთრებით დაზარალდნენ ამერიკული ავტომწარმოებლები, კერძოდ, Ford და GM.

Ford-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მარაგები თითქმის მთლიანად ამოწურულია, ამის გამო ავტომობილების გაყიდვა შეუძლებელია. მათ შორის, შეფერხებულია აშშ-ში ყველაზე პოპულარული მანქანის, Ford F-150-ის  წარმოების პროცესი. 

შეფერხებული წარმოების გამო GM-მა დასაქმებულთა ნაწილი დროებით დაითხოვა. 

კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების ბაზრის მესამედს ტაივანური კომპანია, TSMC აკონტროლებს.   

TSMC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში წარმოების შესაძლებლობების გაზრდაზე აქტიურად მუშაობენ, მიწოდების ჯაჭვის კრიზისი უახლოეს მომავალში მაინც ვერ მოგვარდება. 

ექსპერტების თქმით, დეფიციტი არამარტო მწარმოებლებს, არამედ მომხმარებლებსაც დააზარალებს, რადგან მათ სასურველი პროდუქტის შესაძენად თვეობით ლოდინი მოუწევთ. 

სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა სათამაშო კონსოლების მიმართ, Sony PlayStation 5-ისა და Microsoft Xbox Series X-ის წარმოების პროცესი შეფერხებულია. 
 

კომენტარები