დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ქართველი კათოლიკეები უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებენ

ტბელ აბუსერიძე / ტაბულა

ქართველი კათოლიკეები უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებენ. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ჯუზეპე პაზოტოს განცხადებასა და პაპი ფრანცისკეს ლოცვას საქართველოში კათოლიკე ეკლესია ავრცელებს.

"ძვირფასო დანო და ძმანო,

როგორც იცით, პაპმა ფრანცისკემ მოუხმო მთელ ეკლესიას მშვიდობისათვის ლოცვისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინისთვის, ესოდენ რომ საჭიროებს. ითხოვა, დღევანდელი დღე ლოცვისა და მარხვისთვის მიგვეძღვნა. მშვიდობა ძვირფასი ნიჭია, რომელიც არასოდეს ეხება მხოლოდ ხალხების ვიწრო ჯგუფს, ესაა ნიჭი, რომელიც უნდა ვითხოვოთ, ვინაიდან, როგორც ებრაელები ამბობენ, მოიცავს თავის თავში სხვა ნიჭებსაც და რთავს საქმეში ყველა ადამიანს.

დღეს ვლოცულობთ ეკლესიებში და პირადად, თუმცა ჩვენი ვედრება გვსურს აღვავლინოთ უფლისადმი აგრეთვე მომავალ კვირადღეს (30 იანვარს), წმ. ნინოს ლიტურგიულ დღესასწაულზე, როდესაც მთელი საკრებულო იქნება ერთად. წმინდა ლიტურგიის დროს, მომავალ კვირადღეს ქვემოთ მოყვანილი ლოცვა წაკითხულ იქნას მორწმუნეთა ლოცვისას". – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

პაპი ფრანცისკეს ლოცვა მშვიდობისათვის

უფალო, მშვიდობის ღმერთო, ისმინე ჩვენი!

მრავალჯერ გვიცდია მრავალი წლის მანძილზე

გადაგვეწყვიტა ჩვენი კონფლიქტები

ჩვენივე ძალებით და ჩვენივე იარაღით;

მტრობისა და წყვდიადის კორიანტელი;

დაღვრილი სისხლის მდინარეები;

ამდენი გადატეხილი სიცოცხლე;

ამდენი დამარხული იმედი...

მაგრამ ყოველივე უშედეგოდ.

ახლა კი, უფალო, შენ გვიშველე!

შენ მოგვეც მშვიდობა,

შენ გვასწავლე მშვიდობა,

შენ წარგვიძეხ მშვიდობისაკენ.

აგვიხილე თვალი და გული და გვათქმევინე:

"ნუღარასოდეს მოხდება ომი!"

"ომი სპობს ყველაფერს!"

მოგვეც გამბედაობა, გადავდგათ

კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობის საშენებლად.

უფალო, ღმერთო აბრაამისა და წინასწარმეტყველთაო,

სიყვარულის ღმერთო,

რომელმაც შეგვქმენი და მოგვიხმე გვეცხოვრა ძმებივით,

მოგვეცი ძალა ვიყოთ დღითიდღე მშვიდობის მყოფელნი;

კეთილმოსურნე მზერით ვუყუროთ ყველა შემხვედრ ძმას.

გაგვიხსენი სასმენელი რათა მოგვწვდეს

ჩვენს მოქალაქეთა ღაღადი, რომლებიც მოითხოვენ

ნამგლებად ვაქციოთ ჩვენი ხმლები,

ჩვენი შიშები – სასოებად და ჩვენი დაძაბულობა – მიტევებად.

შეგვინარჩუნე იმედის ალი,

რათა მომთმენი გამძლეობით გადავდგათ

დიალოგისა და შერიგების ნაბიჯები,

რათა საბოლოოდ მშვიდობამ იმძლავროს.

და, რათა არავის გულში აღარ შეესვლებოდეს სიტყვებს:

დაყოფა, სიძულვილი, ომი!

უფალო, განაიარაღე ჩვენი ენა და ხელი,

განგვიახლე გული და გონება,

რათა ერთმანეთთან შეხვედრისას გვახსენდებოდეს სიტყვა – "ძმა",

და ჩვენი ცხოვრების სტილი იყოს:

შალომ, მშვიდობა, სალამ!

ამენ.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები