პარკირება

1 მარტიდან ჩუღურეთში, მთაწმინდასა და დიდუბეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისის მერია

პირველი მარტიდან მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 703 ადგილი გამოიყოფა, საბურთალოს რაიონს კი 135 ადგილი დაემატება.

"ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით. ჩუღურეთის რაიონში, 13 ქუჩაზე გამოიყოფა, ჯამში 497 საპარკინგე ადგილი. მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე ამოქმედდება, ჯამში 1 116 ადგილი. საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში 135 ადგილით. ამ რაიონებში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილიდან 44 განკუთვნილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომანქანების პარკირებისთვის, ხოლო ოთხი ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის". – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, პირველი თებერვლიდან აღნიშნულ რაიონებში გამოყოფილ პარკირების არეალებში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.

კომენტარები