პარკირება

კალაძე: როგორი იქნება პარკირება, ჩვენს ხედვას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როგორ მოწესრიგდება დედაქალაქში ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებული საკითხი. მისი თქმით, თბილისის მერია გადმოიტანს საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან.

"სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. ჩვენ ახალს ნამდვილად არაფერს გამოვიგონებთ, გადმოვიტანთ საუკეთესო მაგალითებს ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან, თუ როგორ არის იქ პარკირების სისტემა მოწესრიგებული“, - თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან, “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება უქმდება, რადგანაც, მათი თქმით, საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა. ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.

სითი პარკი გეგმავს, თბილისის მერიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ტაბიძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, კომპანიაში მერიის გადაწყვეტილების შესახებ კალაძის ბრიფინგიდან შეიტყვეს.

კომენტარები